ელექტრონული ჟურნალები


ექვთიმე თაყაიშვილი სოფელ ლეხოურში (ოზურგეთის მაზრა) 1863 წელს დაიბადა. სწავლობდა ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლებში.1883 წელს, ქუთაისის გიმნაზიის ვერცხლის მედლით დამთავრების შემდგომ, პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1887 წელს დაასრულა. მავე წლიდან იგი თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მიიწვიეს ისტორიის, გეოგრაფიის, ლათინური და ბერძნული ენების მასწავლებლად. სკოლა მოგვიანებით ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიად გადაკეთდა და დირექტორად ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა (1894–1904 წწ).

ე. თაყაიშვილი ახალგაზრდობიდანვე აქტიურ საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. 1888 წელს იგი აირჩიეს ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ‘’, ხოლო 1889 წელს კი – საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრად. წარმატებული არქეოლოგიური საქმიანობისთვის 1901 წლიდან მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრ–კორესპონდენტი გახდა, იმავე წელს ე. თაყაიშვილი რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1905-1918 წლებში იგი მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების მდივანი იყო.

1907 წელს, ე. თაყაიშვილის ინიციატივით, დაარსდა ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება”, რომელსაც ის 1921 წლამდე ხელმძღვანელობდა. შეუფასებელია ამ საზოგადოების დამსახურება ქართული იტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შესწავლის საქმეში. ექვთიმეს რედაქტორობით გამოვიდა ამ საზოგადოების კრებული ,,ძველი საქართველო’’ და ,,საქართველოს სიძველენი’’.

მეცნიერმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ძველი ქართული მწერლობის ნიმუშების, ხელნაწერების შესწავლის, აგრეთვე ფოლკლორის შეკრებისა და გამოცემის საქმეს.

ე. თაყაიშვილი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების, ხოლო შემდგომ უკვე თავად უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი იყო. პირველი ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს პირველი სხდომაც ექვთიმე თაყაიშვილის ბინაში გაიმართა. უნივერსიტეტის დაარსებიდანვე კითხულობდა ლექციების კურსს არქეოლოგიაში. 1918 წლის 21 მაისს, ივ. ჯავახიშვილის წინადადებით, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ, ქართული არქეოლოგიის წინაშე დიდი ღვაწლისათვის ექვთიმე თაყაიშვილს ქართული არქეოლოგიის დოქტორის ხარისხი Honoris causa მიანიჭა.

1918-1921 წლებში ე. თაყაიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო, ექვთიმე თაყაიშვილი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და მთავრობის მიერ საზღვარგარეთ გატანილი ქართული განძის დაცვა-გადარჩენა ეკისრა. საფრანგეთში ცხოვრების მძიმე წლებში იგი ინტენსიურად აგრძელებდა სამეცნიერო საქმიანობას. იყო ევროპაში მყოფ ქართველ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარე

1945 წლის აპრილში ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნებულ ქართულ განძს თან ჩამოჰყვა. მხცოვანი მეცნიერი ახალგაზრდული ენერგიით შეუდგა თბილისის უნივერსიტეტში ლექციების კითხვას. 1946 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრადაც აირჩიეს, თუმცა საბჭოთა რეჟიმისთვის ყოფილი ემიგრანტი უცვლელ სამიზნედ რჩებოდა. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განუწყვეტელი თვალთვალისგან დათრგუნული მეცნიერი 1953 წელს ტრაგიკულად აღესრულა, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

2002 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წყარო: TSU
პირდაპირი ლინკი


____________________________________________________________















































































წყარო: თსუ
პირდაპირი ლინკი

0 კომენტარი: